Menu
 
 
  ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო ჰამბურგის ATP-ის ტურნირი. მან 2 საათსა და 5 წუთში სამ სეტში დაამარცხა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი – 7:5, 1:6, 6:4.

ბასილაშვილმა, პირველ რიგში, შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობისა და ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შთამბეჭდავი პროცენტის წყალობით მოიგო. კოლშრაიბერმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ხუთი გამოიყენა, ბასილაშვილმა კი ხუთი შესაძლებლიდან ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ქართველი ბრეიკით აგებდა პირველ და მესამე სეტებს, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა ორი საპასუხო ბრეიკის შესრულება. გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი 1:3 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 5:3 დაწინაურდა. 5:4-ზე, როცა მატჩზე აწვდიდა, ნიკას ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

უკვე ცნობილია, რომ მეორე წრეში ბასილაშვილი ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება. ეს ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე კუევასმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:7(8), 6:3.

თარიღი: 2018-07-24 23:00:00
კომენტარები: