Menu
 
 
  აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში​ ბასილაშვილის მეტოქე ნადალი იქნება

აშშ-ის ღიას მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონიცაა, უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა რუსი კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ და ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დასამარცხებლად – 5:7, 7:5, 7:6(7), 7:6(3).

ეს ჩოგბურთელები დაახლოებით ორ კვირის წინ, ტორონტოს „მასტერსის“ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნადალმა ორ სეტში მოიგო, თუმცა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

ამჯერად, ესპანელი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – წააგო პირველი სეტი, მეორეში კი ხაჩანოვი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ნადალმა უდიდესი ძალისხმევის ფასად მოახერხა პარტიის გადარჩენა.

მესამე და მეოთხე სეტებში ესპანელი მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ორივეჯერ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მესამე სეტის მე-13 გეიმში ნადალმა მხოლოდ მეხუთე სეტბოლიდან მოიგო, მეოთხე სეტში კი ხუთმაგი მატჩბოლი მიიღო და დაასრულა ურთულესი ბრძოლა თავის სასარგებლოდ.

რაფაელი მეათედ გავიდა აშშ-ის ღიას მერვედფინალში. სხვათა შორის, ბოლო წლებში მას ყოველთვის უჭირდა მესამე წრის გავლა – 2015 წელს, ფაბიო ფონინისთან წააგო, შარშან კი, როცა ტიტული მოიპოვა, ასევე ერთი სეტით იყო ჩამორჩენილი ლეონარდო მაიერთან.

ბასილაშვილი და ნადალი მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში – შარშან, როლან გაროსის მესამე წრეში ქართველმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.

მეხუთე სათამაშო დღის შედეგები:
კაცები
1/16 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-ხაჩანოვი (რუს, 27) 5:7, 7:5, 7:6(7), 7:6(3)
დელ პოტრო (არგ, 3)-ვერდასკო (ესპ, 31) 7:5, 7:6(6), 6:3
ანდერსონი (ს. აფრ, 5)-შაპოვალოვი (კან, 28) 4:6, 6:3, 6:4, 4:6, 6:4
ტიმი (ავსტრია, 9)-ფრიტცი (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(5), 6:4
ისნერი (აშშ, 11)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(8), 6:7(8), 6:3, 7:5
ჩორიჩი (ხორ, 20)-მედვედევი (რუს) 6:3, 7:5, 6:2
რაონიჩი (კან, 25)-ვავრინკა (შვეიც) 7:6(6), 6:4, 6:3
ბასილაშვილი (საქ)-პეია (არგ) 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4)

თარიღი: 2018-09-02 00:57:16
კომენტარები: